ყაზახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ენერგეტიკის მინისტრთან კანატ ბოზუმბაევთან გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყაზახეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის მსხვილი მომპოვებელი და რეგიონულ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია, გეგმავს სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციას და სამხრეთ კავკასიაზე გამავალ დერეფანში საკუთარი პროდუქციის ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.
2018 წელს ყაზახეთმა, 2013 წლიდან პირველად, რეკორდული რაოდენობის ნედლი ნავთობის ექსპორტი განახორციელა. ქართულმა მხარემ ყაზახური ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის ალტერნატიულ სატრანზიტო გზად ბაქო - სუფსის ნავთობსადენი დაასახელა, რომლითაც შესაძლებელი იქნება შავიზღვისპირეთის ბაზრებზე ნედლი ნავთობის მიწოდება.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ყაზახეთი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების - საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად, ევროპა-აზიის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და კოორდინირებული ქმედებით შესაძლებელია მასში დამატებითი ტვირთების მოზიდვა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის საზღვაო პორტის შემდგომი განვითარების მიმართულებით. ასევე გამოიკვეთა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, კერძოდ, ყაზახეთი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ნავთობგაზოქიმიას ავითარებს, დაინტერესებულია, რომ მესამე ქვეყნებში ნავთობქიმიის პროდუქტების მისაწოდებლად გადამამუშავებელი საწარმო გახსნას და ამ მხრივ, საქართველოს შესაძლებლობა გამოიყენოს. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი 2019 წლის ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია.
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრას ასევე საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ესწრებოდნენ.