„საპენსიო ფონდის ღირებულება ამ ეტაპზე 145 573 000 ლარია"

საპენსიო სქემაში სულ 49 535 კერძო კომპანიაა ჩართული, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომელიც დეპუტატებს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოხსენებით მიმართავს.

მისივე თქმით, სულ ფონდის ღირებულება ამ ეტაპზე არის 145 573 875 ლარი.

„სულ საპენსიო სქემაში ჩართულია 49 535 კერძო კომპანია. სულ ფონდის ღირებულება ამ ეტაპზე არის 145 573 875 ლარი, მათ შორის, დარიცხული სარგებელი ამ ეტაპზე არის 784 313 ლარი, ხოლო სულ საპენსიო შენატანები და სარგებელი ერთად არის 174 47 572 ლარი. დაახლოებით 20 მილიონშია აქ განსხვავება, ეს იმიტომ, რომ კომპანიებმა გადმორიცხეს ფული, მაგრამ ჯერ არ დაუხურავთ დეკლარაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფული დევს კომპანიის ბალანსზე ჩვენს სისტემაში, მაგრამ ჯერ არ გაგვინაწილებია კონკრეტული ადამიანებისთვის, ანუ, ჯერ ის არ გამხდარა ფონდის ნაწილი“, - განაცხადა სურგულაძემ.