ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყანას 2 მთავარი გამოწვევა აქვს - ოკუპირებული ტერიტორიები და სიღარიბე.
"სიღარიბე ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა 2 მთავარი გამოწვევიდან: ტერიტორიული მთლიანობა და სიღარიბე. იქამდე, სანამ ერთი ოჯახი მაინცაა, ვისთვისაც დაუძლეველი წინააღმდეგობაა სრულყოფილად უზრუნველყოს თავისი შვილების მოთხოვნები, სტატისტიკაზე ლაპარაკი ძალიან რთული იქნება. თუმცა ეს სტატისტიკა გარკვეულად ცალსახაა,"- განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრმა ჟურნალისტებთან სიღარიბის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.
"რა ნაბიჯები გადაიდგა აქამდე და რა იგეგმება ამის შემდეგ... პირველი ის, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაცაა - ბავშვთა დახმარება, რომელიც მხოლოდ 10 ლარს ითვალისწინებდა, მართალია, 50 ლარი არნახული თანხა არ არის, მაგრამ 2019 წლის პირველი იანვრიდან გახუთმაგდა. მეორე ის, რომ სოციალური დახმარების ჯერ კიდევ შარშანდლამდე არსებული მეთოდოლოგია, დემოტივატორი იყო აქტიური დასაქმებისთვის. თუ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანი გადაწყვეტდა დასაქმებას, ხელფასის ცვლილების შემთხვევაში, მას ეხსნებოდა სოციალური დახმარება. ეს დემოტივატორი ბევრ ქვეყანას აქვს და მოგვარების მეთოდიც ცნობილია, რომელიც ახლა შემოვიღეთ. პირველი იანვრიდან დასაქმების შემთხვევაში სოციალური დახმარება არ მოეხსნებათ და ეს დემოტივატორი არაა, ანუ ამ მხრივ აქტიური მხარდაჭერაა," - განაცხადა დავით სერგეენკომ.