საარჩევნო სუბიექტებმა 1 578 830 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი მიიღეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 1 578 830 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი მიიღეს.

როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, აქედან საარჩევნო ბლოკ "ქართულ ოცნებას" 629,507 ლარი, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" – 584,511 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" – 82,809 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიულ სახალხო პარტიას" – 55,206 ლარი, "არასაპარლამენტო ოპოზიციას" – 19,131 ლარი, ბლოკ "თვითმმართველობა ხალხს" – 71,201 ლარი, "საქართველოს გზას" – 52,176 ლარი, "ხალხის პარტიას" კი – 84,289 ლარი დაერიცხათ.

გარდა ამისა, არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ ჯამში მიღებულია 3 801 850 ლარის მიზნობრივი დაფინანსება (მეორე ტურის ჩათვლით), კერძოდ: საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება" – 796,000 ლარი, "ნაციონალური მოძრაობა" – 532,350 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 532,350 ლარი, "პატრიოტთა ალიანსი" – 14,300 ლარი, "არასაპარლამენტო ოპოზიცია" – 374,650 ლარი, ბლოკი "თვითმმართველობა ხალხს" – 483,600 ლარი, "საქართველოს გზა" – 362,350 ლარი, "ქრისტიან-დემოკტარიული სახალხო პარტია" – 374,650 ლარი, "ხალხის პარტია" – 331,600 ლარი.

2014 წლის არჩევნებში 1143 საარჩევნო სუბიექტი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც კანდიდატურების მოხსნის შემდეგ არჩევნების დღისთვის დარჩა 20 პოლიტიკური პარტია, 4 საარჩევნო ბლოკი, 821 საინიციატივო ჯგუფი.