შედეგები არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სისხლში ტყვიის შემცველობასთან დააკვშირებით კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გამოცდილებას დაეყრდნობა და შეისწავლის იმ ფაქტორებს, რომელიც ტყვიით დაბინძურების წყარო ხდება.
„აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გამოცდილებას გავყვებით და შევისწავლით ფაქტორს, რომ გავიდეთ სხვადასხვა დაბინძურების წყაროზე. ეს შეიძლება იყოს, როგორც შიდა გარემო, ნებისმიერი სამრეწველო პროდუქცია, კოსმეტიკა, რომელსაც ეხება ბავშვი, ოჯახის სხვა წევრი და ასევე გარე ფაქტორები - ჰაერი, ნიადაგი, წყალი და ა.შ. ამ დამატებით შესწავლაში დაავადებათა კონტროლის სპეციალისტებთან, პედიატრებთან ერთად ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც. ამის შემდეგ მთავრობის განკარგულებით უნდა შემუშავდეს ძალიან კომპლექსური გეგმა ტყვიის დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება რამდენიმე წლიანი გეგმა. ეს არის პრობლემა, რომელიც ბევრ ქვეყანაში დგას. არიან ქვეყნები, რომლებიც თვალს ხუჭავენ და ამ პრობლემას არ სწავლობენ, არ რეგირებენ, ასევე არიან პასუხისმგებლიანი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, რომლებსაც აქვთ მწვანე ეკონომიკისა და ეკოლოგიის პრიორიტეტები, რომლებიც ამ პრობლემაზე ღიად საუბრობენ და გადაჭრისთვის დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იკვლევს ტყვიის მიმართულებთ ქვეყანაში არსებულ ზოგად ფონსაც და ამ კუთხით ვითარება სტაბილურია.
„ტყვია, როგორც დამაბინძურებელი, ჩვენთვის ძალიან საინტერესო შესწავლის საგანია. ვატარებთ კვლევებს, როგორც ატმოსფერულ ჰაერში, ისე პოტენციური დაბინძურების წყაროებში -საწვავში, ბენზინგასამართ სადგურებში და ა.შ. ასევე, ვიკვლევთ, როგორც ნიადაგს, ასევე წყალს და აქ გვაქვს საკმაოდ ნორმალური მდგომარეობა. მნიშვნელოვანია კონკრეტულად ოჯახებში გავარკვიოთ, თუ რა არის დაბინძურების წყარო“, - აცხადებს მინისტრი.
ლევან დავითაშვილის თქმით, უკვე ორი წელია სურსათის მიმართულების შესწავლაც ხდება. მინისტრის თქმით, ერთეულ შემთხვევებში ამ კუთხით გარკვეული გადაცდომებიც დაფიქსირდა, თუმცა გადაცდომები იყო უმნიშვნელო და სისხლის ტყვიით დაბინძურების მიზეზი ვერ გახდებოდა.