"თანხებს, რომლებიც ბანკების ანგარიშზეა აკუმულირებული, კომერციული ბანკი ვერ გამოიყენებს"

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის განმარტებით, თანხებს, რომლებიც ბანკების ანგარიშზეა აკუმულირებული, კომერციული ბანკი ვერ გამოიყენებს. როგორც სურგულაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაცხადა, სააგენტოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება 10 კომერციულ ბანკთან და ამ დოკუმენტიდან ამოღებულია ყველა ისეთი მუხლი, რომელიც ბანკს საშუალებას აძლევს, უნებართვოდ თანხები გამოიყენოს.

„ჩვენი ანგარიშები არის კომერციულ ბანკებში. მხოლოდ 10 ბანკში. გვინდოდა ყველა ბანკში, თუმცა ნაწილმა უბრალოდ ვერ ააწყო ელექტრონული სერვისი, ვერ გახსნეს ნომინალური მფლობელობის ანგარიშები და ვინც მოახერხა, ის ბანკები ჩამოთვლილია ჩვენს ვებგვერდებზე თავისი ანგარიშებით. მათთან ჩვენ გვაქვს აწყობილი ელექტრონული სერვისი და ასევე გვაქვს ნომინალური მფლობელობის ანგარიშის ხელშეკრულება. ჩვენ თუ რამე ხარჯი ან დავალიანება გვექნება ბანკის წინაშე, ინვოისს გამოგვიგზავნის და ჩვენი ბიუჯეტიდან გადავიხდით, ისე, რომ ფონდს ეს არანაირად არ შეეხება“, - განაცხადა სურგულაძემ.

ამასთან, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სააგენტო ამ თანხებს ვერ გადაიტანს თუნდაც სხვა ბანკში. სურგულაძე ამბობს, რომ თანხების განკარგვაზე გადაწყვეტილებებს საინვესტიციო საბჭო, მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით მიიღებს.

„თანხები, რომლებიც შედის კომერციულ ბანკებში, ის თანხებია, რომელიც ჩარიცხა დამსაქმებელმა და იქვე დარჩა. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეროვნული ბანკის განმარტების თანახმად ეს თანხები გადავიტანოთ სხვა ბანკში, იგივე ეროვნულ ბანკში წავიღოთ თუნდაც“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.