ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გამოკვლეული 1578 ბავშვიდან, 16-ს, ვისაც სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტად ჰქონდა მომატებული, მეორე ეტაპის კვლევები უკვე ჩაუტარდა.
მინისტრის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, გართულება არ არის.
„ჩვენ ბევრი საერთაშორისო პარტნიორი მონაწილე გვყავს ამ პროექტში. მათი ცალსახა შეფასებით, დღეს არის დაახლოებით იგივე მდგომარეობა, რაც 80-იან წლებში იყო აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში. კვლევის შედეგებმა ცალსახად დაგვანახა შემდგომი ეტაპების საჭიროება, რომლებიც უკვე დაწყებულია.
პოზიტიური ნაწილი ის გვაქვს, რომ 16 ბავშვს, რომელსაც ყველაზე მეტად ჰქონდა ტყვიის შემცველობა მომატებული, უკვე ჩავუტარეთ მეორე ეტაპის კვლევები. საბედნიეროდ, მათი გონებრივი, ფიზიკური განვითარება აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია და არანაირი გართულება ამ მხრივ არ არის. მეორე სტრატეგიული ამოცანაა ამ ტყვიის წყაროს პოვნა, იდენტიფიკაცია და მისი შეძლებისდაგვარად ელიმინაცია, რომელსაც მჯერა, რომ შევძლებთ,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, საქართველოში ტყვიის შემცველობაზე ანალიზი დღეისათვის 6 ლაბორატორიაში კეთდება, თუმცა ამ მხრივ ცვლილებებია დაგეგმილი.
„5 მკგ/დლ-ზე არანაირი მკურნალობა არ სჭირდება. 40 მკგ/დლ-ზეა საჭირო კონსულტაციის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა. როგორც წესი, ჩვეულებრივი ტყვიის გაზრდილი რაოდენობის საპირწონე ანტაგონისტი არის რკინა-კალციუმი და ვიტამინი C. ამ ნივთიერებების შემცველი პროდუქტები უნდა მიიღონ ბავშვებმა. რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება ჩაიტარონ კვლევა, ახლა საქართველოში 6 ლაბორატორიაა, თვენახევრის განმავლობაში დაემატება სამხარაულის ექსპერტიზის ლაბორატორია, 3 თვის განმავლობაში ალბათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც იქნება. ჩვენ ვქმნით ქსელს, სადაც პაციენტი მივა, იქ აიღებს სისხლს და უკვე სინჯის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი, თვითონ პაციენტმა რომ არ იაროს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კვლევის შედეგები საყურადღებოა, მაგრამ არა საპანიკო. მისი თქმით, „ეს მოსახლეობის ხელოვნურად დამშვიდება არ არის“.
შეგახსენებთ, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.