ივანე მაჭავარიანი - სახელმწიფო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“

ქართული სახელმწიფო, საქართველოს საგადსახადო ორგანოები, ფინანსთა სამინისტრო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლის კითხვას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე.

მაჭავარიანის თქმით, „ომეგა“ კაპიკის გადამხდელი არ არის ბიუჯეტში.

„მგონია, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს საგადასახადო ორგანოები, ფინანსთა სამინისტრო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამდენი ხელშეწყობა, ასე შემხვედრი ნაბიჯები არავისთან გადაგვიდგამს. სამართალს რაც შეეხება, სტოკჰოლმში არანაირი პროცესი არავის არ წაუგია. მე, როგორც ვიცი, იქ მოხდა კონკრეტული რაღაც გადაწყვეტილების შეჩერება არბიტრის მიერ, ამას არ ეთანხმება საქართველოს მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო და მაგასაც ნახავთ, ეს პროცესი სად მივა და ვინ მოიგებს. ამ დავაში სახელმწიფო და ფინანსთა სამინისტრო არის პირნათელი ისე, როგორც არასდროს. ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ხომ ვიცით, რომ კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ, ამიტომაა რომ ამ ყველაფერს იგონებთ “,- განაცხადა მაჭავარიანმა.