სოფლის მეურნეობის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ოთხი ძირითადი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის: Oxfam (დიდი ბრიტანეთი), Care (ავსტრია), People in Need და Mercy Corps (შოტლანდია) წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა სოფლის მეურნეობის მინისტრისგან დარგის განვითარებასთან დაკავშირებული ზოგადი ხედვა მოისმინეს. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე.

მინისტრის თქმით, ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ დოკუმენტზე და უახლოეს მომავალში სამინისტრო სტრატეგიის განახლებულ ვერსიას წარუდგენს საზოგადოებას.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირველწყაროდან მიიღო ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით საქართველოში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოში გაწეული სამუშაოს შესახებ.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და დასახეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.