საქართველოში შესაძლოა, კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდეს.
საუბარია ყაზახური ავიაკომპანიაზე „ფლაიასტანა“. აღნიშნული საკითხი განხილული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის ჟენის კასიმბეკის შეხვედრისას.
ამასთან, როგორც თურნავას ყაზახეთში სამუშაო ვიზიტის შედეგად გახდა ცნობილი, საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ.
აღნიშნული ინიციატივა უკვე მომზადებულია, ყაზახური ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ყაზახეთში მომავალი ვიზიტის ფარგლებში.
გარდა ამისა, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ნათია თურნავამ და ჟენის კასიმბეკმა ისაუბრეს, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის „ფლაიასტანა“-ს მიერ ქართულ ბაზარზე შემოსვლის სურვილი იყო.