თამარ მეფის სახელობის ხიდზე ასასვლელ პანდუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რაზეც 2.5 მლნ ლარამდე დაიხარჯება

თამარ მეფის სახელობის ხიდზე ასასვლელ პანდუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 9 მაისს დაიწყება და 14 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 469 313 ლარია.

„მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში. ასევე სამშენებლო ობიექტზე საკუთარი ძალებით და სახსრებით უზრუნველყოს ინჟინერ-გეოდეზისტი, რომელიც აწარმოებს შესაბამის ზედამხედველობას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს სამშენებლო ობიექტზე ამოჭრილი საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/ბეტონის ნარევით,“- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სამუშაოების მიწოდების ვადა წერილობითი დავალების მიცემიდან 200 კალენდარული დღეა, მათ შორის რკინა-ბეტონის კოჭების დამზადების სამუშაოებისთვის წერილობითი დავალების მიცემიდან 100 კალენდარული დღე. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადად კი სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია განსაზღვრული.

თაია არდოტელი