მძღოლებს, რომლებსაც ტაქსის მანქანების გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები გაუნულდათ, მათ ასაღებად დამატებით 2-კვირიანი ვადა მიეცემათ.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ასეთი სულ 1500-მდე მძღოლია.
„როდესაც ავტომობილი გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას, ორი კვირის განმავლობაში მძღოლები უფლებამოსილნი არიან, მიმართონ შესაბამის კომპანიას და აიღონ, როგორც გადაღებვის და ფირის გადაკვრის, ასევე ქიმწმენდის ვაუჩერები.
ჩვენ გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და კომუნიკაციის ფარგლებში ირკვევა, რომ არის დაახლოებით 1500-მდე ტაქსის მძღოლი, ვინც ეს ორკვირიანი ვადა გაუშვა გარკვეული მიზეზების გამო. მათ წესით და კანონით ეს ვაუჩერები ერგებოდათ, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ორკვირიან ვადაში არ მიმართეს შესაბამის კომპანიას, გაუნულდათ ეს ვაუჩერები. მივიღეთ გააწყვეტილება, რომ მათ ვაუჩერის მიღების ვადა გავუხანგრძლივოთ. 1500 მძღოლს ექნება შესაძლებლობა პირველი მაისიდან 15 მაისის ჩათვლით მიმართონ კომპანიას და მიიღოს ვაუჩერები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გაცხადებული გეგმები გრაფიკით მიმდინარეობს და მერია პარალელურად აგრძელებს ტაქსის მძღოლებთან კომუნიკაციას და მათ საინიციატივო ჯუფთან მჭიდრო ურთიერთობას.