მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით მართვის მოწმობაზე ქულა მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჩამოაკლდებათ.
ინიციატივაზე, რომელიც ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმას ითვალისწინებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა, სიჩქარის გადაჭარბება არცერთ მძღოლს არ აძლევს საშუალებას, რომ დარღვევა სხვა ფაქტორებს დააბრალოს.
„ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე. მე მაგალითად, ხშირად მომისმენია, რომ არის ქალაქში ბევრი ინფრასტრუქტურა, სადაც იძულებული ხარ, რომ დაარღვიო მოძრაობის წესი. სიჩქარის გადაჭარბებაზე მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ აქცენტს, რომ ეს ისეთი სამართალდარღვევაა, რომელსაც ვერაფერი დედამიწის ზურგზე ვერ გაამართლებს და ამას მხოლოდ შენი პირადი შეგნება გაიძულებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმის პროცესის გაგრძელება მას შემდეგ გადაწყდება, რაც შეფასდება, რამდენად ეფექტური იყო სიჩქარის გადაჭარბებაზე გამკაცრებული სანქცია.
„პირველი ეტაპი და მეორე ეტაპი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც შევაფასებთ, სიჩქარის გადაჭარბებაზე რამდენად იმოქმედა ამან და რამდენად მოგვცა შედეგი“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.