ავტომანქანის მფლობელი, მაგრამ მართვის მოწმობის არ მქონე პირი, დარღვევისას თავად დაჯარიმდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭესთან სხვა იჯდება

პირებს, რომლებიც ავტომანქანას ფლობენ, მაგრამ მართვის მოწმობა არ აქვთ, ე.წ. ჭკვიანი კამერით სიჩქარის გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში, მართვის მოწმობის არქონის გამო დააჯარიმებენ და ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ საჭესთან თავად არ ისხდებიან.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა, თუმცა იქვე განმარტა, რომ მანქანის მფლობელს საშუალება ექნება, სანქცია თავიდან აიცილოს იმ შემთხვევაში, თუ რეალურ სამართალდამრღვევს წარადგენს.

ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს. ინიციატივის თანახმად, ვიდეოჯარიმებს ქულათა სისტემა უნდა მიებას. კერძოდ, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ე.ჭ. ჭკვიანი კამერების მიერ სიჩქარის გადაჭარბების გამოვლენისას ჩამოაკლდება.

„ვიდეოკამერებით დღეს ვერ ვახდენთ უშუალოდ იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც საჭესთან ზის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო სანქციას იყენებს ე.წ. დანაშაულის პრეზუმპციის მცნების შესაბამისად. იმის გამო, რომ ვერ ახდენს პირის იდენტიფიცირებას, სახელმწიფო თვლის, რომ მესაკუთრემ ჩაიდინა სამართალდარღვევა. ამ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრეს არ აქვს მართვის უფლება, სახეზეა ორი სამართალდარღვევა. ერთი სამართალდარღვევა არის სიჩქარის გადაჭარბება, მეორე კი მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვა. ამ შემთხვევაში მართვის უფლების გარეშე მართვა უფრო მეტ სანქციას ითვალისწინებს. ორი სამართალდარღვევის შემთხვევაში კი სახელმწიფო ვალდებულია აირჩიოს ის სამართალდარღვევა, რომელზეც სანქცია მეტია. შესაბამისად, მესაკუთრეს ამ შემთხვევაში ნომინალურად უფრო მეტი ფულადი სანქცია დაეკისრება, ვიდრე სიჩქარის გადაჭარბება ითვალისწინებს, ქულები კი თავის თავად ვერ ჩამოაკლდება, რადგან მართვის მოწმობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, ყველა ასეთ ადამიანს ექნება იმის მოტივაცია, რომ წარადგინოს ის პირი, ვინც იჯდა საჭესთან სიჩქარის გადაჭარბებისას“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება ჯარიმის თავიდან არიდების მექანიზმს, ლილუაშვილი განმარტავს, რომ ავტომანქანის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება ჯარიმის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს ის პირი, ვინც სამართალდარღვევისას საჭესთან იჯდა. ასეთ შემთხვევაში მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვისთვის გათვალისწინებული სანქცია გაუქმდება, ხოლო წარდგენილ პირს სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაეკისრება ჯარიმა და ამასთან, მართვის მოწმობაზე ქულებიც ჩამოაკლდება. 10 დღიანი ვადის ათვლა კი მას შემდეგ დაიწყება, რაც მოქალაქეს ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ჩაბარდება ან შსს-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვენდება.