საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების 26.5% ღამეს მეგობრის, ნათესავის სახლში ათევს

2018 წელს საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ყველაზე მეტი ღამისთევა - 39.6% სასტუმროში განხორციელდა.

ამის შესახებ pmcg-ის (პიემსიჯი) კვლევაშია აღნიშნული.

გარდა ამისა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების 26.5% ღამეს მეგობრის, ნათესავის სახლში ათევს; 12.7% - საოჯახო სასტუმროებში, ხოლო 11.7% - ნაქირავებ ბინაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ გატარებულ ჯამურ ღამისთევათა რაოდენობაში მეგობრებთან და ნათესავების სახლში გატარებული ღამისთევათა წილი 2015 წლიდან მცირდება.

კვლევის მიხედვით, 2015-დან 2018 წლამდე საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში გატარებულ ღამისთევათა რაოდენობაში ყველაზე დიდი წილი მეგობრების და ნათესავების სახლში გატარებულ ღამისთევათა რაოდენობაზე მოდიოდა, 2018 კი პირველი წელი იყო, როდესაც აღნიშნულს სასტუმროში გატარებულმა ღამისთევათა წილმა გადააჭარბა.

თაია არდოტელი