"რეზონანსი" - როდიდან დაიწყებს არანორმალურად გაძვირებული პროდუქტი გაიაფებას?

სურსათზე ფასი მაისის შუა რიცხვებიდან დაიწევს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეს, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს შეეხება, თუმცა ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის სიჭარბე იქნება და ფასის კლებაც მის ხარჯზე მოხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის მცირე ბიზნესის რეალური ხელშეწყობაა საჭირო. მანამდე მუდმივად სიძვირე იქნება.

სააღდგომოდ, პროდუქციის პიკური გაძვირების შემდეგ, მაისის შუა რიცხვებიდან, როგორც წესი, ფასების კლება იწყება. ეს, რასაკვირველია, არ შეეხება პურს, საწვავს, მედიკამენტებსა და სხვა პირველადი დანიშნულების პროდუქტს, მაგრამ აგროპროდუქტი მოსახლეობას ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს მდგომარეობას. დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გაიაფება უფრო მეტად არა ადგილობრივი სურსათის ხარჯზე, არამედ იმპორტის მეშვეობით მოხდება. მეზობელი ქვეყნებიდან სასურსათო პროდუქტი დემპინგურ ფასად შემოდის, ადგილობრივ მეწარმეებს კი კონკურენციის გაწევის საშუალება, მაღალი თვითღირებულების გამო, არ აქვთ.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ანზორ მესხიშვილი ამბობს, რომ ივლისამდე, ადგილობრივი წარმოების ბოსტნეული ბაზარზე, პრაქტიკულად, არ იქნება. მთელი წლის განმავლობაში ყველაზე ბევრი 40%-ია ქართული, დანარჩენი კი იმპორტს უჭირავს.

"არსებითად არ შეიცვლება მდგომარეობა. არ ვაწარმოებთ იმდენს, რომ საკუთარი ქვეყნის მიოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ. სამწუხაროდ, არც პერსპექტივა ჩანს. მინიმუმ 60-70% შემოდის საზღვარგარეთიდან. ფერმერებს უფრო აქტიურად თუ არ დავეხმარებით, თუ უფრო მეტი შეღავათი არ ექნებათ, არაფერი შეიცვლება. 1 ჰექტარი რომ მორწყოს ფერმერმა, უნდა გადაიხადოს 65 ლარი. ამას გარდა, გაძვირდა ტრანსპორტირება, ხვნა-თესვა, რადგან გაძვირებულია საწვავი, ყველა ენერგორესურსი, ამიტომ გლეხის წარმოებულ პროდუქციაზე თვითღირებულებაც კი იმდენად იზრდება, რომ დემპინგურ ფასად შემოტანილ უცხოურ პროდუქტს ვერ უწევს კონკურენციას.

ეს პრობლემა წლების განმავლობაში დაგროვდა და საბოლოოდ ისე ხდება, რომ ფერმერთა რიცხვი წლიდან წლამდე ამ დაგროვილი პრობლემების გამო მცირდება და, შესაბამისად, იკლებს ადგილობრივი ნაწარმიც. ბაზარზე ფასი ნამდვილად შემცირდება, მაგრამ ეს არ იქნება ქართული პროდუქტის ხარჯზე. ივლისამდე ერთადერთი ლაგოდეხის კიტრი და სეზონური ხილი, მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს", - ამბობს "რეზონანსთან" მესხიშვილი.

ფასების კლება რომ 3-4 კვირაში დაიწყება, ადასტურებს სურსათის სფეროს სპეციალისტი ლია კვარაცხელია, თუმცა ისიც იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს არ მოხდება ადგილობრივი პროდუქციის ხარჯზე.

"ჩვენ იმდენად ცოტა რამეს ვაწარმოებთ, რომ ზაფხულამდე გაიაფება არ არის მოსალოდნელი, თუმცა მალე ფასები დაბლა წამოვა ისევ იმპორტის და არა ადგილობრივი სურსათის ხარჯზე.

თამამად შეგვძლია ვთქვათ, რომ იმპორტით არის ჩანაცვლებული საქართველოში წარმოებული პროდუქცია, მათ შორის იმ სახეობაზეც კი, რომლითაც მთელი ქვეყნის უზრუნველყოფა უპრობლემოდ შეგვიძლია.

მუდმივად გვაქვს უარყოფითი სავაჭრო სალდო და ეს ცხადყოფს, რომ ვინმეს კი არ ეჩვენება ან ვინმე კი არ აშუქებს რეალობას, ნამდვილად ცუდი მდგომარეობაა. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი არის ბევრად ჯანსაღი, შემოტანილ პროდუქტზე ხარისხის კონტროლი კი ფაქტობრივად არ მიმდინარეობს. წესით, შიგა წარმოება უფრო იაფი უნდა ჯდებოდეს, თუმცა იმის გამო, რომ შეღავათიანი პირობები არ არსებობს, ეს ვერ ხერხდება.

სოფლის მეურნეობის უპირატესობა ისიცაა, რომ პოლიტრიკური ნების, ხელშეწყობისა და სურვილის შემთხვევაში, სულ რამდენიმე თვეში არის შესაძლებელი ადგილობრივი პროდუქციით ბაზრის უზრუნველყოფა. ეს არ არის მანქანათმშენებლობა ან ფაბრიკა-ქარხნების ამოქმედება, მიწა ძალიან მალე იძლევა ხელშესახებ დოვლათს.

ფასების კლება რასაკვირველია დაიწყება სულ რამდენიმე კვირაში და შემოდგომის ბოლომდე გასტანს, მაგრამ ეს ადგილობრივი წარმოების ხარჯზე ნაკლებად მოხდება", - განუცხადა 'რეზონანსს" კვარაცხელიამ.

პროფესორი ასევე აღნიშნავს, რომ სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, ზამთრის მარაგის გაკეთებაც უპრობლემოდ შეიძლება ქვეყანაში მოყვანილი აგროპროდუქტებით.

"რაჭაში პატარა სახლი გვაქვს, სადაც წელიწადში რამდენჯერმე ჩავდივართ. შემოდგომაზე, როცა იქ ვხვდები, გული მიკვდება. მასობრივად ლპება საუკეთესო ხილი, თხილეული იმის გამო, რომ ადგილზე მუდმივად 5 მოსახლეზე მეტი არ ცხოვრობს და ისინიც ამ პროდუქტის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ძალიან მარტივად შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა, თითო რაიონში თითო საკონსერვო ფაბრიკით. ერთი მხრივ, ჩვენი შვილები ამით ჯანსაღ პროდუქტს მიიღებდნენ, მეორე მხრივ კი ადგილზე მოსახლეობის დამაგრებას შეუწყობდა ხელს.

ვერ ვხედავ, რომ ამის სურვილი აქვს ვინმეს და ამისათვის იბრძვის. ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ ხალხი უცხოეთში გარბის და, სამწუხაროდ, იმაზე ბევრად ცუდი პირობები ხვდებათ, ვიდრე სამშობლოში დატოვეს", - აღნიშნა კვარაცხელიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

ნინა გარდაფხაძე

გაზეთი "რეზონანსი"