„მეტრო პირდაპირი გაგებით ჩამოშლილია და ხალხი  საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მგზავრობს“

„მეტრო პირდაპირი გაგებით ჩამოშლილია და ხალხი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მგზავრობს“ - ამის შესახებ, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მეტრო კვლავ გაჩერდა, ვინ მოთვლის მერამდენედ. ან მოკლე ჩართვაა, ან კაბელები ზიანდება, ან რელსების პრობლემაა, ან წყალი ჩამოდის, ან ხიდებზე ბზარები ჩნდება, ან ესკალატორები ითიშება....

ჰოდა, როცა დედაქალაქში მეტრო პრაქტიკულად აღარ გვაქვს, რა მიწისზედა მეტროზე საუბრობთ მერიაში?! რა სამგორი-ლილოს მიმართულება უნდა გააკეთოთ?! ან ვინ გითხრათ, რომ სამგორი-ლილოს მიმართულების განვითარებაა პრიორიტეტი ქალაქისთვის და არა დიდი დიღმის! თავზე დაგვენგრა რაც არის, ის. პირდაპირი გაგებით ჩამოშლილია მეტრო. ხალხი მგზავრობს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად! უკვე დაგავიწყდათ ვარკეთილის მეტროში ჩამონგრეული ჭერი და დასისხლიანებული ხალხი?!

მიწისზედა მეტროს 90 მილიონი დოლარით, მოახდინეთ არსებულის რეაბილიტაცია!!! ვინმე დარჩით ტრანსპორტის სამსახურში, ვინც საღად აფასებთ შექმნილ კრიზისულ ვითარებას?! რას ატყუებთ ამ ხალხს რომ მეტრო უსაფრთხოა. ყოველდღე, მეტროს ავარიული გაჩერება უსაფრთხოებაა? ხვდებით, რომ შეიძლება ადამიანები შეეწირონ თქვენს გულგრილობას?!,“-წერს მესხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საღამოს საათებში, მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ სადენის აალების გამო მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა გარკვეული ხნის განმავლობაში პარალიზებული იყო.