ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ვალერიან ხასაშვილმა გუშინ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისის“ საქმეზე პირველი საჯარო განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ „თიბისის“ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციებზე გამოძიება სწორედ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დაიწყო და პროკურატურას და ეროვნულ ბანკსაც მან მიმართა.
ხასაშვილის განცხადებით, „საკითხზე დეტალურად ვერ ისაუბრებდა, თუმცა, სამსახურის ქმედება იყო სწორი და ეს ბევრმა რამემ დაადასტურა.“ „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს და როგორია ხასაშვილის ანაზღაურება.
ბოლო ქონებრივი დეკლარაცია ვალერიან ხასაშვილს 2018 წლის 31 აგვისტოს აქვს შევსებული. როგორც დეკლარაციებიდან ირკვევა, ხასაშვილს მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოსტი 2016 წლიდან უკავია, მანამდე კი სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზეც მუშაობდა.
2018 წლის აგვისტოში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს ვალერიან ხასაშვილის შემოსავალმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 92 626 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ხასაშვილი უძრავ-მოძრავი ქონების სიმრავლით არ გამოირჩევა. ის ფლობს 120 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2011 წელს ჩუქებით აქვს მიღებული.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 5 984,65 ლარი; 1 192,18 დოლარი და 33,81 ევრო, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 17 000 დოლარი და 8 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ხასაშვილს რამდენიმე სესხიც ჰქონდა აღებული.