ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, საემიგრაციო პოლიტიკას გადახედოს.საქმე ეხება „დამსახურებებზე დაფუძნებულ საიმიგრაციო“ წინადადებას, რომელიც თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა ჯარედ კუშნერმა შეიმუშავა და რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ამერიკის ვიზის რაოდენობას გაზრდის. აღნიშნული განცხადება აშშ-ის ოფიციალურ პირებთან დაახლოებულმა წყარომ გააკეთა.
მოსალოდნელია, რომ კუშნერი ყოვლისმომცველ გეგმას ქვეყნის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მომავალ კვირას წარუდგენს. ტრამპი გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა დოკუმენტს, როგორც მის ოფიციალურ პოზიციას, თუ ცვლილებების შეტანის მიზნით მას უკან გაგზავნის.
საბოლოო მიზანი სავიზო პროგრამის გარდაქმნაა, რათა ის უფრო მეტად დამსახურებასა და უნარებზე დაფუძნებული იყოს. ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც აღნიშნული გეგმის შედგენაზე მუშაობდნენ, ასევე განიხილეს კანადისა და ავსტრალიის მიერ გამოყენებული სავიზო სისტემები.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა