საქართველოს საფინანსო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაცია 12 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გააუქმდა, გაუქმდა 6 არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, კომერციულმა ბანკებმა კი 16 სერვის-ცენტრი დახურეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის მარტთან შედარებით ბაზარზე მისო-ების რაოდენობა 73-დან 61-მდე შემცირდა. დღეს ქვეყანაში 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. (2018 წლის მარტში - 73 ორგანიზაცია).
ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემცირდა კომერციული ბანკების სერვის-ცენტრების რაოდენობაც. თუ 2018 წლის მარტის მონაცემით, საქართველოში კომერციული ბანკების 809 სერვის-ცენტრი მოქმედებდა, წელს მარტში ეს რაოდენობა 793-მდე შემცირდა. სამაგიეროდ ერთი ერთეულით გაიზარდა ბანკების ფილიალების რაოდენობა, 2019 წლის მარტის მონაცემებით ბაზარზე ბანკების 135 ფილიალი მუშაობს, შარშან კი 134 ოპერირებდა. ცნობისათვის, დღეს ქვეყნაში 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.
საანგარიშო პერიოდში 144 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობაც. თუ 2018 წლის მარტში ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი 1 118 პუნქტი ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 974-ს შეადგენს.
ასევე ერთი წლის განმავლობაში 8-დან 2-მდე შემცირდა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების რიცხვი.
სამაგიეროდ, სწრაფად იზრდება სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა. დღეს მათი რაოდენობა უკვე 124 ერთეულს შეადგენს. იანვარში კი, როდესაც ასეთ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრად, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა, თებერვალში კი რეგისტრაცია უკვე 75 სესხის გამცემ სუბიექტს ჰქონდა გავლილი.