საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის (CRCC) მენეჯმენტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვანგ ვენფუნგმა ქართულ დელეგაციას კორპორაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით დაინტერესება გამოხატა.
“ეს კომპანია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სამეულში შედის და სასიხარულოა, რომ მას უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულია აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მომავალ პროექტებში, რაც ქართულ ბაზარს მიმზიდველს და მეტად კონკურენტუნარიანს ხდის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა კორპორაციის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და საინვესტიციო გარემოს უკეთ შეფასების მიზნით, კორპორაციის ხელმძღვანელები თბილისში, მიმდინარე წლის ოქტომბერში, "აბრეშუმის გზის ფორუმზე" დაპატიჟა.
ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციასთან შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური შემადგენლობა ესწრებოდა.