ლევან იზორია სანომრე ნიშნების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ავტომანქანებზე სანომრე ნიშნების შეცვლაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის აუცილებლობა მას შემდეგ გახდა მნიშვნელოვანი, რაც საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.

იზორიას თქმით, სანომრე ნიშნების შეცვლით მძღოლებს გადაადგილება გაუადვილდებათ, განსაკუთრებით საერთაშორისო მგზავრობისას.

"ეს არის ევროპული სტანდარტის სანომრე ნიშნები. რადგან მოქმედი უკვე 18 წელს ითვლის და ის ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულად იმ სტანდარტებს, რასაც ქვია გაყალბებისგან ოფიციალური დოკუმენტის დაცვა. იმ ტექნოლოგიური განვითარების კვალობაზე, რომელიც დღეს გვაქვს სამყაროში, დადგა აუცილებლობა, რომ როგორც სხვა დკუმენტები ეს სანომრე ნიშნებიც იყოს სტანდარტებთან მიახლოებული. ამით ჩვენ გავუადვილებთ მოქალაქეებს საერთაშორისო მგზავრობის დროს გადაადგილებას. არ შეიქმნება დისკომფორტი იმიტომ, რომ ის არის ზუსტად ევროკავშირის ნომრების მსგავსი. ლურჯი სვეტიც არის ნომრებზე, რაც ევროკავშირისთვის არის დამახასიათებელი. სამომავლოდ ამ ნომრის შეცვლის აუცილებლობა არ იარსებებს, რადგან ის აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს.

პარლამენტმა 2014 წლის 8 აპრილს მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ახალი სანომრე ნიშნების აუცილებლობა. დადგენილებაში წერია, რომ ეს ახალი სანომრე ნიშნები უნდა ამოქმედდეს პირველი სექტემბრიდან. დღეს კი პარლამენტი ახლებურად ადგენს საფასურებს ამ სანომრე ნიშნებზე. ფასი სერიულ ნომრებზე რჩება იგივე და ის 35 ლარს შეადგენს. ერთადერთი შეიცვალა პრესტიჟულ ნომრებზე ფასები. რადგანაც სანომრე ნიშნებს კომბინაციები დაემატა 800 ლარიანი 1000 ლარამდე გაიზარდა . მნიშველოვანია ის, რომ ეს ახალი ნომრები შესაძენი იქნება 2020 წლის მიწურულამდე. აქ საუბარია 6 წელზე და არა დღეს და ხვალ გამოცვლაზე. 35 ლარი, დამატებული ტექპასპორტის თანხა ისეთი კოლოსალური და დიდი არ არის, რომ ექვსი წლის განმავლობაში ადამიანმა ვერ გადაიხადოს. ეს მძიმედ არ დააწვება არავის", - აცხადებს იზორია.