"ევროპაში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 100%-ით არის გაზრდილი"

დაკარგავს თუ არა საქართველო ევროპასთან უვიზო რეჟიმს და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად

ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა ევროპაში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა თემა. შესაბამისად, საზოგადოებას აინტერესებს - რეალურია თუ არა საფრთხე, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს. ამ თემაზე გვესაუბრება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე:

- ევროკავშირსა და შენგენის ზონას ეს საკითხი ჯერ ოფიციალურად არ დაუყენებიათ. თუმცა სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ნელ-ნელა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, ზოგიერთ ქვეყანაში გადააჭარბა კიდეც. აქედან გამომდინარე, არსებობს საფუძველი, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ მოითხოვოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შეჩერება.

- ეს საკითხი დღის წესრიგში არაერთხელ დამდგარა, თუმცა ოფიციალური­ განც­ხადება წულუკიანმა ახლახან გააკეთა. ამის რეალური საფრთხე არსებობს?

- ქართველი ემიგრანტების რა­ოდენ­ობა ევროპაში ჯამურად დაახლოებით 100%-ით არის გაზრდილი. მაგალითად, 2018 წელს ევროპას თავშესაფარი დაახლოებით 18 ათასმა მოქალაქემ სთხოვა. ყველაზე დიდი ზრდა ესპანეთშია - 2017 წელთან შედარებით 9-ჯერ მეტი, მთხოვნელთა რიცხვი ათასს აჭარბებს, მაშინ როცა 2017 წელს ასზე მეტი იყო. დიდი ზრდაა საფრანგეთშიც - 2017 წელს თავშესაფარი 2100-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, 2018 წელს კი 7 ათასზე მეტმა.

- ემიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო გერმანია ჯერ კიდევ 2017 წელს გამოთქვამდა შეშფოთებას.

- გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კრიტიკული ზრდა არ არის, ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა­ კრიმინალია.

- საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რომ გაიზრდებოდა, ამის მოლოდინი ევროკავშირს ხომ ისედაც ჰქონდა?

- თავის დროზე, როცა რისკების შეფასების დოკუმენტი შეადგინეს, მასში ნათქვამი იყო, რომ გაიზრდებოდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, შეჩერების მექანიზმიც სწორედ ამიტომ ჩაიდო ხელშეკრულებაში - თუ ძალიან დიდი იქნება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა.

- ამ გადაწყვეტილებას ქვეყნები ინდივიდ­უალურად მიიღებენ თუ 28 ქვეყანა ერთობლივად?

- ეს შეეხება მთელ ზონას,­ თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

- პროცედურულად როგორ ხდება შეჩერების მექანიზმის ამოქმედება?

- წევრი ქვეყანა მიმართავს ევროკომისიას, რომელმაც უნდა შეისწავლოს, რამდენად რეალურია ეს საფრთხე, ანუ წარადგენს დოკუმენტებს, სტატისტიკას. ამის შემდეგ ევროკომისია მოამზადებს ანგარიშს და წარუდგენს მინისტრთა საბჭოს, რომელიც შედგება შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებისგან. ისინი კენჭს უყრიან გადაწყვეტილებას, რომ საქართველოსთან დროებით შემოიღონ სავიზო რეჟიმი - 9-თვიანი და შემდეგ 18-თვიანი.იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვალა ვითარება, გადავალთ შავი ქვეყნების სიაში, სადაც არიან ის ქვეყნები, რომელთაც ვიზები სჭირდებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად.

- თუ ამოქმედდა შეჩერების მექანიზმი, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ევროკავშირი საქართველოს რუსეთის პირისპირ ტოვებს?- არ ნიშნავს, რადგან უვიზო მიმოსვლის გარდა, ევროკავშირი საქართველოს სხვა მხრივაც უჭერს მხარს

- დაწყებული ფინანსური დახმარებით და მონიტორინგის მისიით დამთავრებული. ამიტომ უვიზო მიმოსვლის გაუქმებასა და ევროკავშირის, როგორც პარტნიორის, დაკარგვასთან მე ტოლობის ნიშანს არ დავსვამდი, მაგრამ ვფიქრობ, ამას ექნება განსაზღვრული პოლიტიკური წონა - პრორუსულად განწყობილ პირებს როგორც საქართველოში, ისე რუსე­თში, მისცემს კარგ საბაბს იმის სათქმელად, რომ ევროპამ მიგვატოვა.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება თავიდან ავიცილოთ?

- სამწუხაროდ, პროცესი ისე შორს არის წასული, რომ ძნელი იქნება ამ პრობლემის მოგვარება. ამის დასაძლევი იარაღი­ ჩვენ არსენალში თითქმის აღარ გვაქვს. საინფორმაციო კამპანიაში ყველა მედიასაშუალება იყო ჩართული, გაიმართა უამრავი შეხვედრა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. იმედია, ევროკავშირის ქვეყნები ამ საკითხს მხოლოდ ტექნიკური კუთხით არ შეხედავენ და პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანენ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი გაზარდა.

- 18 ან 9 თვის შემდეგ უვიზო რეჟიმის დაბრუნების შანსი გვაქვს?

- ამის გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს გრძელვადიან პერსპექტივაში, არის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება. ყველამ ვიცით, რომ თავშესაფრის მაძიებლები დისკრიმინაციის მსხვერპლები არ არიან. მათი ქვეყნიდან წასვლის მიზეზი მძIიმე­ სოციალურ-ეკონომიკური ფონია. ხელისუფლებას ორი გზა აქვს: პირველი - ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება­ და მეორე - იმ ქვეყნებთან, სადაც ჩვენი­ მოქალაქეები ჩადიან, თანამშრომლობა და ხელის შეწყობა ცირკულარული მიგრ­აციისთვის, რაც ჩვენს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების საშუალებას მისცემს.

- სწორედ ამის პირობა დადო ბიძინა ივანიშვილმა, რომ ხელს შეუწყობს ლეგალურ სამუშაო მიგრაციას.

- ამ საკითხზე ხშირად ლაპარაკობენ,­ მაგრამ ნაკლებად მინახავს, რომ საქმით ასახულიყოს ჩვენს ცხოვრებაზე.

- ევროკავშირს რით შეუძლია ამ კონკრეტულ შემთხვევაში დახმარება? როგორც ვიცი, თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს პრაქტიკულად აღარ აძლევენ.

- 18 ათასი განაცხადიდან თანხმობას­ მხოლოდ 3-4% იღებს, ანუ 100 თავშესაფრის მაძიებლიდან მხოლოდ 2 ან 3 კაცი. ამ ქვეყნებს რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის მაქსიმალურად დაჩქარებული პროცედურები, უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა თავშესაფარი საქართველოს მოქალაქეებს. თუმცა ამის განხილვას დრო სჭირდება, მანამდე კი ევროკავშირის ქვეყნებს უწევთ ჩასულების დაბინავება და სოციალური დახმარების მიცემა. სხვათა შორის, ხშირად ეს არის მიზეზი, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეები მიდიან ევროპაში - რომ მაქსიმალურად დიდხანს დარჩნენ ქვეყანაში და სოციალური დახმარება მიიღონ. ეს ევროპისთვის გარკვეულწილად სოციალური ტვირთია.

"უვიზო რეჟიმის შეჩერება დიდი დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე"

ირაკლი მენაღარიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: - ჰიპოთეზურად ასეთი საფრთხე არსებობს. თავის დროზე შეჩერების მექანიზმიც იმიტომ ჩაიდო. თუკი რაიმე პირობები შეიქმნა, მაგალითად, საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობის ზრდა ან ევროპისთვის მათი საქციელი გახდა მიუღებელი, შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება.

- ის, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ გაიზრდებოდა ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, ეს ხომ ევროპის ქვეყნებისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა, რატომ დაიწყეს პარტნიორმა ქვეყნებმა ახლა ამაზე საუბარი?

- უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ. არსებობს წესები და მათი დაცვაა საჭირო, ხოლო თუ რატომ დგამს ესა თუ ის მოქალაქე ამ ნაბიჯს, რომელიც წესებს ეწინააღმდეგება, ამის მიზეზი არაერთია. საქართველოსა და ევროკავშირის შეთანხმების საფუძველზე ყველა დარღვევას ევროკავშირის სათანადო რეაგირება მოჰყვება, ხოლო შეჩერების მექანიზმის ამოქმედება უკიდურესი შემთხვევაა. ის, რომ ევროკავშირისთვის ისედაც ცნობილი იყო ჩვენი მოქალაქეები ევროპას მშვიდ ცხოვრებას დაურღვევდნენ, საფუძველს მოკლებულია, მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ამის გამო შეშფოთება რომ გამოითქვა, ამას ყურადღების მიქცევა უნდა.

წაიკითხე გაზეთ „კვირის პალიტრის" 29 აპრილის ნომერში ან

გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად