2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მიმოხილვაში, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მომზადდა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა დასტაბილურდა, რამდენადაც სახელმწიფოებმა 2014-16 წლების საგარეო შოკები დაძლიეს. მაგრამ რეგიონის ქვეყნებში ცხოვრების დონის ამაღლებისთვის, ეკონომიკის ზრდა მაინც საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკის ზრდა 4,1%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.
აქვე აღნიშნულია, რომ ნავთობისა და გაზის იმპორტიორი ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდა 2019-20 წლებში 4,5%-მდე შემცირდება, როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,1% იყო. როგორც სავალუტო ფონდის მიმოხილვაშია აღნიშნული, მათ ამ მაჩვენებელს გადახედეს და 2018 წლის ოქტომბრის მიმოხილვისგან განსხვავებით პროგნოზი 0,3%-ით შეამცირეს. ამის მიზეზი შემცირებული შიდა მოთხოვნა და გზავნილების შემცირებული მაჩვენებელი იყო.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ეკონომიკურ ზრდას საქართველოში ხელს შეუწყობს მსხვილი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, რომელთა განხორციელება დაგვიანდა და გადაიდო 2018 წელს. სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს დააბალანსებს შემცირებულ შიდა მოთხოვნას.
ამასთან, როგოც მიმოხილვაშია აღნიშნული, კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საბანკო სექტორში კვლავ მაღალია პრობლემური აქტივების მოცულობა. ოფიციალური მონაცემებით, მართალია გადაუხდელი კრედიტები დაბალ მაჩვენებელზეა, მაგრამ პრობლემური აქტივები ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან მაღალია.