პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს ინიციატივას, რომელიც თბილისში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ასევე მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცხადდება თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება და ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება.
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს აგრეთვე თბილისის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ბეტონის დაღვრა გზის სავალ ნაწილზე და ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე განთავსება.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, გოგი მეშველიანი, ნინო წილოსანი, ოთარ დანელია, გუგული მაღრაძე, გიორგი კახიანი, გელა სამხარაული, კობა ლურსმანაშვილი.