24-29 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 8,880 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას -ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.