მომხმარებელს sms სპამებისგან დაიცავენ

როგორ დაიცავენ მომხმარებელს სარეკლამო შინაარსის არასასურველი შეტყობინებებისგან?

ამის შესახებ bpn.ge მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, თამთა ტეფნაძეს ესაუბრა.

როგორც ტეფნაძემ ჩვენთან საუბრისასა აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაგროვილი პრობლემები საკმაოდ ბევრია, შესაბამისად მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მთელი რიგი ღონისძიებები აქვს შემუშავებული.

ტეფნაძის თქმით, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა sms სპამებია, რაც კომისიის მხრიდან შესაბამისი რეგულაციების შემუშავების აუცილებლობას განაპირობებს. ”ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს შეხვედრა ბაზარზე მოქმედ ოპერატორ კომპანიებთან, ასევე ამ შეხვედრაში ჩაერთოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სექტორი და კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენი, რათა საბოლოო ჯამში sms სპამის პრობლემა მოგვარდეს,”- ამბობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

ტეფნაძის განმარტებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც განიხილება და ამ კანონპროექტით განისაზღვრება გარკვეული ჯარიმები იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც წვდომა აქვთ ბაზებთან, საიდანაც მომხმარებლის ნების საწინააღმდეგოდ, მის საფოსტო ყუთში sms-ები იგზავნება. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაგეგმილი ღონისძიება  სამუშაო ჯგუფის შექმნაა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და უფლებათა დაცვის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზნით.

”რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად მომხმარებლებისთვის მზადება გზამკვლევი, რომელიც მიმოიხილავს არსებულ კანონმდებლობას იმისთვის, რომ მომხმარებლამდე მიიტანოს ინფორმაცია, რა უფლებები აქვთ მათ და რა ვალდებულებები აქვს ბაზარზე მოქმედ ოპერატორ კომპანიებს. ამის მეშვეობით, ისინი უკეთესად შეძლებენ თავის უფლებებზე პრეტენზიის გამოთქმას”,- აღნიშნავს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

როგორც ტეფნაძე ამბობს, ასევე დაგეგმილია რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებთან და იქ არსებულ ოპერატორებთან შეხვედრები. მისი თქმით, თბილისში უკვე დაწყებულია სხვადასხვა უბნებში გასვლა და საჩივრების ადგილზე შესწავლა. ”საჩივრების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია, მაგრამ რეალურ სურათს არ ასახავს”, - დასძენს ტეფნაძე.