საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, ქუთაისში საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, ქუთაისში 3-4 მაისს, პირველი საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი - ,,ოქროს საწმისის ძიებაში“ - გაიმართება. ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება და მისი მიზანი, ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოზიციონირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბიზნეს-ფორუმის გახსნისას, მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები.

ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ პლენარულ სხდომებს, მათი ინტერესების სფეროების შესაბამისად. დისკუსიები და პრეზენტაციები გაიმართება ტურიზმის, ინოვაციური ბიზნესის, სამედიცინო-რეკრეაციული ბიზნესის და სხვა მიმართულებებით. ღონისძიების ფარგლებში, იგეგმება იმერეთის რეგიონში მდებარე საწარმოების დათვალიერებაც. ბიზნეს-ფორუმს, ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი ,,წლის ბიზნესი 2019“ დაასრულებს.

ღონისძიების მხარდამჭერებია არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, „აწარმოე საქართველოში“, USAID კარგი მართველობის ინიციატივა, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.