„გასახვევი თამბაქოს 99% სავაჭრო ქსელში იყიდება, რომლის აქციზის გადასახადი კანონით 1 კგ თამბაქოზე 35 ლარია, თუმცა რეალიზატორები გადასახადს არ იხდიან, ამიტომ თუთუნის გაძვირებამდე თამბაქოს კონტროლი უნდა გამკაცრდეს“, - ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.
„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ბაზარზე წარმოიშვა, ხელით გასახვევი თამბაქოა. საქართველოში თამბაქო ძირითადად ნედლეულის სახით შემოაქვთ და მხოლოდ საწარმოო მიზნებისთვის უნდა იყოს გამოყენებული და თუ ეს ასე იქნება, მაშინ არ დაიბეგრება. მაგრამ 99% ამ ნედლეულის მოექცა სავაჭრო ქსელში, სადაც აქციზის გადასახადს არ იხდიან, 1კგ თუთუნზე დაწესებულია მხოლოდ 35 ლარი. აქციზს დაქვემდებარებული პროდუქციის უაქციზოდ რეალიზაცია საჯარიმო სანქციებს იწვევს, ხოლო რაღაც მოცულობის ზემოთ სისხლის სამართლებრივი დანაშაული და მკაცრი რეგულაციების ქვეშ ექცევა. მაგრამ მეწარმე, რომელმაც დიდი რაოდენობით თუთუნი მოაქცია არალეგალურ ვაჭრობაში, არ ისჯება“, -განაცხადა ბახტურიძემ.
ამასთან, გიორგი ბახტურიძის თქმით, სავაჭრო ობიექტებისთვის თუთუნზე ვაჭრობის ნებართვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან არ გაუციათ, ამიტომ მსგავსი უკანონო ვაჭრობა უნდა აიკრძალოს.
„ყოველ ფეხის ნაბიჯზე შენობა ნაგებობებზე ან სავაჭრო ობიექტებზე ნახავთ წარწერას, სადაც თურმე იყიდება, თუთუნი ( თამბაქო) ეს არის უკანონო ქმედება, იმიტომ, რომ ამაზე არავის არ აქვს გაცემული ნებართვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან. ეს არის ზედამხედველობის სამსახურის პრეროგატივა და ჩვენ რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინეთ თუთუნის რეკლამაც კი.
ასევე აუცილებელია, დღეს მოქმედი კანონმდებლობით ხელით გასახვევი თამბაქო იყოს შეფუთული და მარკირებული და მასზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო გაფრთხილება პიკტოგრამის ჩათვლით. მაგრამ ესეც ირღვევა და ამ შემთხვევაში ჯარიმა კანონით 2 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი უფრო მეტი, მაგრამ ესეც არ სრულდება, ამიტომ თუთუნის გაძვირებამდე ჯერ უკვე არსებული პრობლემები უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
ცნობისთვის, გასული წლის 1-ლი იანვრიდან საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. ამასთან, 2019 წლიდან უფილტრო სიგარეტის აქციზი ღირებულება, ფილტრიანისას გაუთანაბრდა და ერთ კოლოფზე 1,7 ლარს გაუტოლდა.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი