მერია გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს

გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წელს მერია დედაქალაქისთვის ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.

"თქვენ იცით, ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი ჩვენი მიდგომა და წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, რომ ბევრი ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. შესაბამისად, დღეს, გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ. ამ მიმართულებით გადაადგილება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. არის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც არის ჩავარდნები და ეს იმის გამო, რომ არსებული საკანალიზაციო სისტემა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მთლიანად მოვაწესრიგოთ იქ არსებული მდგომარეობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ორივე ქუჩაზე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლი.

„მთელი მიწისქვეშა კომუნიკაციები იქნება ჩანაცვლებული. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ტროტუარები. იქნება ახალი განათების ბოძები. გვინდა ისე მოვაწესრიგოთ, როგორც ხდება ეს განვითარებულ, ევროპულ ქალაქებში", - აღნიშნა თბილისის მერმა.