მთავრობასა და საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები ჭიანურდება - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მთავარი კონტრაქტორი უკვე ამ კვირაში გახდება ცნობილი.
„სამწუხაროდ, ძალიან ნელა მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთავრობასა და ბანკებს შორის. მე ვერ გეტყვით მიზეზებს. ველოდებოდით, რომ შეხვედრა აპრილში შედგებოდა. მხოლოდ ორი წერილი გაიცვალა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის. იმედია, უახლოეს პერიოდში შეხვდებიან, რადგან ეს გაჭიანურება პირდაპირ ხელს უშლის ვადას, რომელშიც უნდა ჩავეტიოთ. იცით, რომ ჩვენი ვადა სახელმწიფოსთან იწურება 15 ივნისს და, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ვართ ამ მოლაპარაკებებზე. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ თემებზე, მთავარია, შეხვედრა შედგეს და პოზიციები დაფიქსირდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კითხვაზე, თუ რა მიზეზით გადაიდო მოლაპარაკებები, ხაზარაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. „თუმცა პროცესში ისეთი ინსტიტუტები არიან ჩართულები, რომ წესით სახელმწიფოს არ უნდა გაუჭირდეს მათთან მოლაპარაკება“.
ავტორი: ნინი ბასილაშვილი