თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროპოლიტენის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისიდან დაიწყება.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება და მგზავრთა გადაადგილება არ შეფერხდება.
მისივე თქმით, მეტროპოლიტენის რეაბილიტაციისთვის, ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
"რაც შეეხება მეტროპოლიტენის რეაბილიტაციას, მისი რეაბილიტაციისთვის 100 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი ბოლო 2 წლის განმავლობაში. ნაწილი დახარჯულია, ნაწილის ხარჯვა კი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მე მხედველობაში ვიღებ, როგორც შენობების მოდერნიზებას, ისე მიმდინარე რემონტებს. ასევე, მეტროსადგურების სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
15 მილიონი დოლარი არის აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხი, რომელიც უნდა მოხმარდეს მეტროში კომუნიკაციების, ელექტროსადენების, სავენტილაციო და საავარიო სასიგნალო სისტემების რეაბილიტაციას, რომელიც შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ამის შედეგია, ძალიან ხშირი დაზიანებები მეტროს სისტემაში და ეს სამუშაოები ძირითადად, ღამის საათებში ჩატარდება, მაშინ როდესაც მეტროპოლიტენი არის შეჩერებული. ივლისიდან დაიწყება ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები", - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.