მთავრობა ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებას გეგმავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგლამენტის პროექტი უკვე მზად აქვს.
ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რეგლამენტი არის ერთ-ერთი პირობა, რათა გაკონტროლდეს, მათ შორის იმპორტირებული ხორბლის ხარისხი და ნედლეული სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს.
„ქვეყანაში ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება აუცილებელია, თუმცა მისი მოთხოვნები რომ დააკმაყოფილო, შესაბამისი ხარისხის ხორბალი უნდა გქონდეს და იქიდან შესაბამისი ხარისხის ფქვილი გამოვიდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის პროექტი უკვე მზად არის, თუმცა, ახლა გარკვეული პროცედურების გავლა, მათ შორის მისი მთავრობაზე გატანაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ რეგლამენტი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და მისი დამტკიცების და სწორად მუშაობის შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ ხორბალს ამ სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევს.
რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, რეგლამენტში გაწერილია არა მარტო ის ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომლითაც ხორბალი უნდა შემოვიდეს (კლასების მიხედვით არის გაწერილი), არამედ გაწერილია მისი განთავსების ანუ შენახვის და ტრანსპორტირების საკითხებიც. საქართველოში ხორბლის შემოტანა გემით, სამანქანო და სარკინიგზო გზებით ხდება. ამათგან, რკინიგზა და გემი უკვე არის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასული, ავტომობილებით იმპორტის შემთხვევაში კი საჭიროა შესაბამისობაში მოვიდეთ,“-აღნიშნა სილაგავამ.
მართალია ასოციაციაში მიესალმებიან აღნიშნული რეგლამენტის ამოქმედებას, თუმცა, აქვე საინტერესოა, თუ რამდენად შეძლებს ადგილობრივი წარმოების ხორბალი რეგლამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მთავრობა რეგლამენტის ამოქმედებას არ ჩქარობს, სწორედ საქართველოში წარმოებული ხორბლის საკითხია, რომლის ხარისხმაც შესაძლოა, სტანდარტები ვერ დააკმაყოფილოს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიო მასშტაბით არსებობს ქვეყნები, სადაც მართალია, ასეთი რეგლამენტი მოქმედებს, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო მისი მოთხოვნები ადგილობრივი წარმოების ხორბალზე არ ვრცელდება.