ტრამპმა ჩინეთთან მოლაპარაკებებზე პოზიცია შეარბილა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო საკითხებში პოზიცია შეარბილა. საქმე ეხება პეკინის მხრიდან შესაძლო კომერციული კიბერჯაშუშობის საკითხს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

ტრამპმა ამ გზით შეარბილა ვაშინგტონის ადმინისტრაციის პოზიცია, შედეგად კი საპასუხო ნაბიჯად მიიღებს პეკინისგან მისთვის მისაღებ წინადადებას, რომელიც ამ პრობლემის დარეგულირებას შეუწყობს ხელს - წერს გამოცემა.

30 აპრილს პეკინში აშშ- ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ამერიკის დელეგაციას ხელმძღვანელობს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი და სავაჭრო საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენელი რობერტ ლეიტჰაიზერი. ჩინეთის მხრიდან კი დელეგაციას სათავეში უდგას ვიცე-პრემიერი ლიუ ხე, რომელიც ჩინეთის დელეგაციას უკვე 8 მაისს ვაშინგტონში დაგეგმილ მოლაპარაკებებზეც უხელმძღვანელებს.

როგორც ცნობილია, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეეები შეთანხმებისკენ მიდიან, თუმცა გარკვეულ საკითხებზე წინააღმდეგობები პოზიციებს შორის კვლავ არსებობს. როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძიანპინი საბოლოო ხელშეკრულებას სავაჭრო საკითხებში მაისში იაპონიაში დაგეგმილ სამიტზე მოაწერენ ხელს.

კოკა კვირკველია