"2018 წელი მნიშვნელოვანი იყო საექსპორტო შემოსავლების, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების მატების კუთხით"

ეროვნული ბანკის შეფასებით, 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო საგარეო სექტორის აქტივობის, კერძოდ კი, საექსპორტო შემოსავლების, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების მატების კუთხით.

როგორც პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს მხოლოდ 7.7 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

“აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მე-3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი დადებითი იყო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე პოზიტიურად მოქმედებდა მომსახურებით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება, რომელიც 2018 წელს 220 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურისტული შემოსავლების 518 მლნ აშშ დოლარით (19 პროცენტი) ზრდა.

საქონლით ვაჭრობა მიმდინარე ანგარიშის კვლავ ყველაზე დეფიციტური კომპონენტია. 2018 წელს საქონლით ვაჭრობის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 პპ-ით გაუარესდა და 25.4 პროცენტი შეადგინა.

2018 წლის განმავლობაში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ძირითად, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში გაჯანსაღებული ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად გაზრდილ საგარეო მოთხოვნას უკავშირდება. ექსპორტის უფრო მეტად ზრდა გარკვეულწილად თურქეთის ეკონომიკაში არსებულმა სიძნელეებმა შეაფერხა, რის შედეგადაც, წლის მეორე ნახევარში საქონლის ექსპორტის ზრდის ტემპი შენელდა. საბოლოდ, წლიურად საქონლის ექსპორტის 23.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. იმპორტი კი 2018 წელს არათანაბრად იზრდებოდა. პირველ ნახევარში იმპორტის ზრდა საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა წლის მეორე ნახევარში ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა.

მთლიანად, 2018 წლის განმავლობაში, საქონლის იმპორტი 15.5 პროცენტით გაიზარდა და ექსპორტის ზრდის მოცულობა მცირედით გადაწონა”, - წერს ეროვნული ბანკი პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში.