უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ცოლმა ბიზნესმენ ალექსანდრ ბურიაკისგან მდიდრული სახლი შეიძინა, მასში კი საბაზრო ღირებულების მხოლოდ ნახევარი გადაიხადა. ამის შესახებ Reuters წერს.
კომიკოსი და ტელევარსკვლავი ზელენსკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკუთარ თავს მდიდარი უკრაინელი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსებისგან შორს აყენებდა, თუმცა მდიდრულ კომპლექსში მდებარე სახლი შავი ზღვის სანაპიროზე ხაზს უსვამს, რომ არჩეული პრეზიდენტი თავად არის მდიდარი ელიტის ნაწილი.
Reuters-მა ვერ დაადგინა, რატომ გაიყიდა სახლი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად. ზელენსკი და მისი ცოლი კითხვებს არ პასუხობენ. სააგენტოსთან კომენტარს არც ბურიაკი აკეთებს.
ზელენსკის ცოლმა, ელენამ ყირიმში სახლი 2013 წლის აპრილში 163,893 აშშ დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ფინანსურ დეკლარაციაშია აღნიშნული. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე 1 წლით ადრე შეძენილი სახლის კვადრატული მეტრის ფასმა, დაახლოებით, 1,263 აშშ დოლარი შეადგინა. კომპლექსში ბინების კვადრატული მეტრის ფასი კი 3 500-დან 4 ათას დოლარამდეა.