საფრანგეთში მზარდია საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს. ეს, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ელჩის თქმით, საფრანგეთის მიზანია, რომ სიტუაცია დარეგულირდეს. პასკალ მენიეს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საფრანგეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუდმივი მუშაობის რეჟიმშია და უახლოეს პერიოდში საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება.
"საფრანგეთმა თავის დროზე ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა და ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონოდა შესაძლებლიბა დაუბრკოლებლად გადაადგილებულიყო ევროკავშირის ფარგლებში. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეს შენარჩუნდეს. ამას გარდა, მზარდია საფრანგეთში საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს. ეს ცოტა არ იყოს გაუგებარია და არ მოდის იმ სიტუაციასთან თანხვედრაში, რაც არის საქართველოში. საქართველოში არ არის ომი, არ არის ის სიტუაცია, რომ მოქალაქეებმა მოითხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი. შესაბამისად გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთგვარად ხდებიან იმ ადამიანების მანიპულაციების მსხვერპლნი, რომლებიც ჰპირდებიან რაღაცას, ან არ არიან ინფორმირებული, რომ მათ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება გაუჭირდებათ. ეს არ არის მისაღები და პროცედურების მიხედვით, მათ მიმართ გატარდება შესაბამისი ზომები და მათ ელით დეპორტაცია ქვეყნიდან. ჩვენი მიზანია, რომ სიტუაცია დარეგულირდეს და ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუდმივი მუშაობის რეჟიმშია. ჩვენ ველოდებით საფრანგეთის შს მინისტრის ვიზიტს საქართველოში",-განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.