როგოზინი – საფრანგეთის მიერ "მისტრალის" მიწოდებაზე უარის შემთხვევაში, რუსეთი ხომალდს თავად ააგებს

საფრანგეთის მიერ "მისტრალის" მოწოდებაზე უარის შემთხვევაში, რუსეთს თავად გააჩნია იმის საშუალება, რომ საკუთარი ვერტმფრენმზიდი ააშენოს.

"იტარ-ტასის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა.

მისი აზრით, სამამულო წარმოების ხომალდი უფრო უკეთესი იქნება, რადგან ყინულოვანი კლასიც ექნება ცივ წყლებში ყოფნისთვის. როგოზინი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისთვის "მისტრალზე" უარის თქმა მომგებიანი არ იქნება, რადგან კონტრაქტის პირობების შესრულება მოუწევს, რაც ფინანსურ საკითხთან არის დაკავშირებული. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ხომალდის შეკვეთისას, რუსეთს არ გააჩნდა ტექნოლოგიები ფართოგაბარიტიანი გემის ასაწყობად, ახლა კი რუსეთში ასეთი ტექნოლოგიები არსებობს.

როგოზინმა ასევე აღნიშნა, რომ "მისტრალისთვის" განკუთვნილი მნიშვნელოვანი ნაწილები სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში მზადდება და, შესაბამისად, მისი თქმით, რუსეთმა ააშენა ნახევარი ხომალდი. "რაც შეეხება შეიარაღებასა და ელექტრონიკას, ეს ყველაფერიც რუსული წარმოებისაა", – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

რუსეთმა საფრანგეთს ორი "მისტრალის" მშენებლობა 2011 წელს შეუკვეთა, რაშიც მილიარდ 200 მილიონი ევრო გადაიხადა. ერთი ვერტმფრენმზიდის გადაცემა რუსეთისთვის მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება, მეორის – 2015 წლისთვის.