ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. მისიას მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცით, შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და აკაკი საღირაშვილი, აგრეთვე ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო ესწრებოდნენ.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე საქართველოს საგარეო გამოწვევები რეგიონში არსებული რეცესიის ფონზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2019 წლის მარტში ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელზე, რომელმაც 6 პროცენტი შეადგინა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული მაჩვენებელი და იმედი გამოთქვეს, რომ მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების კურსი უზრუნველყოფს ქვეყნის ინკლუზიურ ზრდას. შეხვედრაზე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები, ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების რეფორმა, რომლის შედეგადაც აღნიშნულ სექტორში დამატებითი საბაზრო მექანიზმები დაინერგება.