„თიბისი ბანკმა“ სასამართლოში 17 მილიონი დოლარის ტრანზაქციასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი „მარტელო გრუპ ლიმიტედის" წინააღმდეგ შეიტანა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, სწორედ „მარტელო გრუპ ლიმიტედი" ფიგურირებს პროკურატურაში "თიბისი ბანკის" საქმეზე დაწყებული გამოძიების საქმეში. დღეისათვის ის ითვლება სადავო 17 მილიონი დოლარის სესხის ვალდებულების შემსრულებლად „თიბისი ბანკში”. ხაზარაძე აცხადებს, რომ ბანკმა სასამართლოს მხოლოდ იმის გამო მიმართა, რომ აღნიშნული საქმის გარშემო მიმდინარე პროცესს ნათელი მოეფინოს.
„ბანკმა მაშინაც და ახლაც იმოქმედა სამართლიანად. ამ პროცესში დაზარალებული მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანია, ეს არის ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ბანკმა შეიტანა 17 მილიონის ტრანზაქციასთან დაკავშირებით სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პარალელურად მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ეს პროცესი ნათელს მოფენს არამარტო იმას, რაც ფარულად მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ, არამედ მთელ იმ საქმეს სასამართლო წესით, რა მოხდა, როგორ მოხდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდება საზოგადოება სად იდგა ბანკი მაშინ და სად დგას ახლა“, - განაცხადა ხაზარაძემ.