„გეფერინი“ ჩანთების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე მის მიერ წარმოებული ფეხსაცმლის გატანასაც გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მოთხოვნიდან გამომდინარე, წლის ბოლომდე ფეხსაცმელს ყველა ექსპორტიორ ქვეყანაში გაიტანს.
ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ „გეფერინი“ ფეხსაცმლის ხაზი რამდენიმე თვის წინ ჩაუშვა. ნატურალური ტყავით დამზადებული პროდუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება ფასებს, როგორც ილია გეფერიძე აცხადებს, 119 ლარიდან - 189 ლარამდე მერყეობს.
ცნობისთვის, „გეფერინი“ ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა. ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილმა, გეომეტრიული დიზაინის ჩანთებმა დაინტერესება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიწვია. „გეფერინის“ პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, შვედეთში, ჩინეთსა და აზერბაიჯანში გადის. ბრენდს საქართველოში 5 მაღაზია აქვს, მსოფლიოს მასშტაბით კი 44 გაყიდვის წერტილი.
„ფეხსაცმელი საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა, რადგან სულ ტყავით ვქმნით მოდელებს და ფასიც ხელმისაწვდომია. დაახლოებით, 119 ლარიდან 189 ლარის ფარგლებში მერყეობს, გააჩნია სეზონს. მაგალითად, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მაქსიმალური ფასი 159 ლარია. ამასთან, ყველა მოდელს ერთთვიანი გარანტია აქვს.
ფესაცმელი ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ რამდენიმე მოდელი უკვე გავგზავნეთ ჩინეთსა და ყაზახეთში. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ყველა საექსპორტო ქვეყანაში გავგზავნით და იქაც გაიყიდება“,- აცხადებს ილია გეფერიძე.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად საწარმოში 57 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რამდენიმე თვეში წარმოებაც გაფართოვდება. ამასთან, ილია გეფერიძე ტანსაცმლის ხაზის დამატებასაც გეგმავს.
„უახლოეს თვეებში ფეხსაცმლის ხაზი ახალ საწარმოში გადავა და კიდევ უფრო გავფართოვდებით. რაც შეეხება ტანსაცმელს, შეიძლება, წლის ბოლოსაც მოვახერხოთ წარმოების დაწყება. ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული და ვნახოთ, როგორ აეწყობა. თუ ახლა არა, 2020 წელს მაინც აუცილებლად დავამატებთ“,-აცხადებს ილია გეფერიძე.