მობილურ ოპერატორ კომპანიებს მოუწევთ, გამოუყენებელი სიხშირე ან გამოიყენონ, ან დათმონ

მობილურ ოპერატორ კომპანიებს მოუწევთ, მათ ხელთ არსებული გამოუყენებელი სიხშირეები გამოიყენონ ან დათმონ.

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ამ და სხვა მიმართულებით მთელი რიგი ახალი ნორმები და რეგულაციები შედის, რომელიც დღეს პარლამენტში განიხილეს.

როგორც კანონპროექტის წარდგენისას მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა თემურ მაისურაძემ განმარტა, სადღეისოდ ოპერირება საქართველოში მეორე, მესამე თაობის სისტემებით ხდება, მაშინ, როცა მსოფლიო გადასულია მეოთხეზე და მომწიფებულია მეხუთე თაობის სისტემები. დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები გამოიწვია მობილურ, უსადენო, ფართოზოლოვან მომსახურებაზე მზარდმა მოთხოვნამ. საუბარია სიხშირულ დიაპაზონებზე – 800, 900, 1800, 2100, 2600 მჰც სიხშირეებზე. ასევე 2.4 - 3.8 გჰც სიხშირეებზე. მაისურაძემ ისიც აღნიშნა, რომ კანონპროექტის ინიცირების საჭიროება კიდევ უფრო დააჩქარა ასოცირების ხელშეკრულებამ.

"რეალურად ოპერატორებს შესაძლებლობა ეძლევათ, 10 წლის ნაცვლად, სიხშირეები 5 წლით შეიძინონ. კანონი ასევე არეგულირებს გამოყენების დიაპაზონში მთელი სიხშირის გამოყენების შესაძლებლობას, ანუ არ აძლევს საშუალებას ოპერატორებს, შეიძინონ ჭარბი სიხშირე და ამით შეზღუდონ კონკურენტების შემოყვანა. ნებისმიერ ოპერატორს აქვს შესაძლებლობა, სიხშირე რამდენიც უნდა შეიძინოს, ოღონდ ვალდებული იქნება გამოიყენოს ის", - განაცხადა მაისურაძემ.

მისივე თქმით, ცვლილებები ოპერატორებისთვის ითვალისწინებს დამატებით ხარჯებსაც. "სურს თუ არა ოპერატორს, მას ახალი ტექნოლოგიების შემოტანა მოუწევს, რადგან კონკურენციას სხვა კომპანიებს ვერ გაუწევს, რომელიც შექმნილია ახალი, მეოთხე საფეხურის ტექნოლოგიებით. მათ შეუძლიათ არ გაწიონ ხარჯები და დარჩნენ იგივე ტექნოლოგიურ დონეზე, მაგრამ გაუჩნდებათ პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ფლობენ ჭარბ რესურსებს, რაც არ არის გამოყენებული, მათ ამის დათმობა მოუწევთ ან შენარჩუნება და მათი გამოყენება", - აცხადებს მაისურაძე, რომლის მონაცემებით, ჭარბ რესურსებს ძირითადად "მაგთი" და "ჯეოსელი" ფლობს, რომელთაც "გაცილებით მეტი სიხშირე აქვთ, ვიდრე იყენებენ". "არის გონივრული ეჭვი, რომ მათ ეს სიხშირეები შეიძინეს, რომ სხვა კონკურენტები შეეზღუდათ", - დასძინა მაისურაძემ.

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილეს.