Burger King-ი ხელოვნური ხორცისგან დამზადებულ ბურგერებს გაყიდის -  რას აპირებს ბრენდი საქართველოში

Burger King-ი ხელოვნური ხორცისგან დამზადებულ ბურგერებს გაყიდის. როგორც გამოცემა The Verge წერს, ამერიკული სწრაფის კვების ქსელი ხელოვნური ხორცის ბურგერების გაყიდვას წლის ბოლომდე დაიწყებს. ამის მიზეზი კი ვეგეტარიანელი მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა.

აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების ქსელმა ვეგეტარიანული ბურგერების დამზადება აპრილის დასაწყისში აშშ-ის რამდენიმე შტატში უკვე დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჯერად ექსპერიმენტების გამეორება აშშ-ის ყველა რეგიონში იგეგმება და ამას წლის ბოლომდე განახორციელებს.

მათივე განცხადებით, ვეგეტარიანულ ბურგერში ყველისა და ხორცის ნაცვლად წარმოდგენილი იქნება ბარდა, სოიო, კარტოფილი, მცენარეული ზეთი და ხელოვნური ხორცი.

ახალ ბურგერებში 15%-ით ნაკლები ცხიმი და 90%-ით ნაკლები ქოლესტერინი იქნება. როგორც Burger King-ის სათაო ოფისში აცხადებენ, ვეგეტარიანული ბურგერის გემო იმდენად ახლოს იქნება ჩვეულებრივ ბურგერთან, რომ მომხმარებელი განსხვავებას თითქმის ვერ იგრძნობს.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ვეგეტარიანული ბურგერი ერთ დოლარზე მეტი ეღირება.

დაიწყებენ თუ არა ხელოვნური ხორცის გამოყენებას Burger King-ის თბილისის ფილიალები, ჯერჯერობით უცნობია. როგორც კომპანიის წარმომადგენლობაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ამასთან დაკავშირებით სათაო ოფისისგან მითითება არ მიუღიათ.

„თბილისში წარმოდგენილია Burger king-ის თურქული ფრანჩაიზი. ისინი ბურგერებში ჯერჯერობით მთლიანად საქონლის ხორცს იყენებენ, შესაბამისად, ქართულ ობიექტებშიც ასეა. არც სათაო ოფისიდან და არც თურქეთიდან რაიმე ახალი მითითება არ მიგვიღია. ასე რომ, ჩვენ ჩვეულებრივ საქონლის ხორცს ვიყენებთ და ჯერჯერობით არ ვგეგმავთ პროდუქტის შეცვლას“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ Burger King-ის თბილისის ფილიალში.

ცნობისთვის, ამერიკული სწრაფი კვების ქსელი Burger King საქართველოში 2013 წელს გაიხსნა და მას 2 ფილიალი, „თბილისი მოლში“ და „გალერეა თბილისში“ აქვს.

ნინი ქეთელაური