ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„საპარტნიორო ფონდს“ სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა ეწვია

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები და საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ფრანსუა პანშო ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ფონდში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა მისიის წევრებს ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებული „საპარტნიორო ფონდის“ ვალდებულებების შესრულება, ასევე, მომავალი წლის პროგრამისთვის რამდენიმე ცვლილების წინადადება განიხილეს. საპარტნიორო ფონდმა სსფ-ს ბოლო 6 თვის განმავლობაში პროექტებში ინვესტიციებთან და პროექტების დასრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რამდენიმე პროექტში ფონდის სამომავლო მონაწილეობის პერსპექტივებს.

მათივე ინფორმაციით, „საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სსფ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. თავის მხრივ, სსფ-ის მისიამ მადლობა გადაუხადა „საპარტნიორო ფონდს" რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი რეკომენდაციები ფონდის ეფექტიან საქმიანობას ხელს შეუწყობს.

„სსფ-ს მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი გაგრძელდება, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანი მართვა“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.