„ეკონომიკის მინისტრები ისე სწრაფად იცვლებიან, კომიტეტში ვერც ერთი მათგანი ნორმალურად ვერ დავიჭირეთ“

ეკონომიკის მიმართულებით ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავ, აქ გვჭირდება რეფორმები და გარღვევა. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა, ამის მიზეზად კი მოსამართლეთა შერჩევის წესთან ერთად, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები დაასახელა.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი და წყალგამყოფი ეს კანონპროექტი იყო. თუმცა, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია თუ რა ხდება მთლიანად ეკონომიკასთან და არსებულ გამოწვევებთან მიმართებით. თუ როგორ ვუმკლავდებით პარლამენტი, სამთავრობო გუნდი, ერთად როგორ ვმუშაობთ, როგორ ვდგამთ ნაბიჯებს და ა.შ.

ალბათ, ყველამ იცის, რომ საკმაოდ ბევრი საკითხი არის ისეთი, რომელზე მსჯელობისას მე განსხვავებული პოზიცია დამიფიქსირებია. გამომითქვამს პრეტენზია, რომ კომუნიკაცია უნდა იყოს ორმხრივი. როდესაც მთავრობის კანონპროექტები შემოდის, რატომღაც ითვლება, რომ კარგი რაღაც კეთდება და ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს. ამ დროს, პარლამენტიდან თუ რაიმე განსხვავებული აზრი ფიქსირდება, თუნდაც საინტერესო და მნიშვნელოვანი, რატომღაც სადღაც იკარგება. მაგალითსთვის, მთავრობამ შემოიტანა კანონპროექტი ავტომობილების მესამე პირის სავალდებულო დაზღვევაზე. სავალდებულობა დაზღვევაში, ანუ იდეა, თავისთავად სწორია, თუმცა მე კომიტეტზე რამდენჯერმე დავაფიქსირე, რომ ეს თემა შეიძლება იყოს საინტერესო, მაგრამ მოსახლეობამ არ მიიღოს. ამიტომ, სავალდებულობის კულტურის თემა რომ კარგად მიიღოს მოსახლეობამ, დავიწყოთ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით. ეს უნდა შემოვიღოთ შემდეგი პრინციპით, სოციალურად დაუცველებს, პენსიონრებს, ბავშვებს გადაუხდის სახელმწიფო, მსხვილ საწარმოებს დავავალდებულებთ ან მოველაპარაკებით, რომ მათ თავიანთი თანაშრომლები დააზღვიონ. ეს იმიტომ არის კარგი, რომ ყველა ოჯახში ჯანდაცვაზე დიდი მოთხოვნაა და ერთ თვეში იგრძნობენ ამის პოზიტიურ ეფექტს. ყველა მიხვდება, რომ ეს არის კარგი და სახელმწიფოსთვის ტვირთის მოხსნა. საყოველთაო ჯადაცვის პრინციპი არის სწორედ ეს, იმ მოდელით კი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, არ არის სრულყოფილი“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, აღნიშული პროექტი გარკვეულწილად წარმატებულია, მაგრამ ახალი ეტაპი და რეფორმები უნდა დაიწყოს როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის მიმართულებით.

„მე ვეუბნები მთავრობას, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, მოსახლეობა ამას აღიქვამს ტვირთად, იტყვიან, რომ ეს ჩვენი ჯიბიდან უნდა ამოიღოთ და თუკი 1,2 მლნ ავტომობილიდან ავარიების რაოდენობა 10%-ია, მხოლოდ ეს 10% იგრძნობს ამ სიკეთეს.

იგივეა, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ. ეკონომიკის მინისტრები იცვლებიან ძალიან სწრაფად, თუმცა ეკონომიკის კომიტეტში 2 წელია ვმუშაობთ და ვერცერთი მათგანი ნორმალურად ვერ დავიჭირეთ. პრაქტიკულად ვერც მოვასწარით, ისე სწრაფად იცვლებიან. როდესაც ჩვენ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავ.

ჩვენ ეკონომიკაში გვჭირდება რეფორმები და გარღვევა. ამ 7 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და ზრდა გვქონდა, მაგრამ ახლა ისეთი ზრდა აღარ გვაქვს. ამ წუთას, საშუალოდ , 4,5 %-ია, კვარტალური - 4,7%-ია , მაგრამ მანამდე 7%-იც იყო. რეალურად პრობლემა არის ის, რაზეც მაშინაც ვსაუბრობდი, როდესაც უმრავლესობაში ვიყავი. ძალიან ხშირად მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საკანონმდელო საქმიანობისას, ის კანონპროექტები, რომელზეც ვმუშაობდით, ხელს უფრო უშლიდა კონკურენციის განვითარებას და ცოტა ოლიგოპოლიური ბარზრებისკენ იხრდებოდა. ამაზე მე ძალიან აქტიურად ვსაუბრობდი მაშინაც და ასეც გავაგრძელებ.

როგორც გითხარით, „ოცნების“ დატოვების წყალგამყოფი იყო სასამართლოების თემა, რადგან თუ მართლმსაჯულების სისტემა არ არის გამართული ქვეყანაში, არანირ დასაქმებაზე, ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციების ზრდაზე საუბარიც ვერ იქნება. მართლსაჯულების სანდოობა იმ წუთასვე აისახება ინვესტიციებზე. ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკურ ზრდას და შ.“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ნინი ქეთელაური