ძველ ბათუმში ახალი სასტუმრო BLOOM გაიხსნა. ბუტიკის ტიპის სასტურმო BLOOM ძველ ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ოფიციალურად გახსნეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, სასტუმრო 27- ნომრიანია და ის ჯამში 78 ადამიანზეა გათვლილი. სასტუმრო სრულადაა აღჭურვილი უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემით. ამ ეტაპზე, სასტუმროში 30 ადამიანია დასაქმებული.
„ამ დღეებში ჩვენ უკვე მეორე სასტუმრო გავხსენით ბათუმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალი საწოლი ადგილების შექმნის კუთხით. სასტუმრო ბათუმის ისტორიულ უბანში მდებარეობს და ის სრულად ჯდება იმ ავთენტურ გარემოში, რაც ასე მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის ძველ ბათუმს ტურისტებისთვის. რეგიონს ყოველწლიურად ემატება ახალი ტურისტული ობიექტები, ეს იქნება განთავსების, კვებისა თუ გასართობი, რაც დამატებითი სტიმულია ბიზნესისთვის და მრავალფეროვან არჩევანს ქმნის ტურისტებისთვის. აღნიშნული სასტუმროს შემთხვევაში გვაქვს ქართული ინვესტიცია და მასში მუდმივად 30 ადამიანია დასაქმებული. ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება და ბათუმში არაერთი ტურისტული ობიექტი გაიხსნება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.