"გადასახადის გადამხდელთა კავშირი" მთავრობას სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს

"გადასახადის გადამხდელთა კავშირი" მთავრობას სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ცნობილია, რომ სახელმწიფო საწარმოები, უმეტეს შემთხვევებში, მუშაობენ წაგებაზე და ფაქტობრივად, სახელმწიფო ბიუჯეტის დოტაციაზე არსებობენ. ამასთან, ზოგიერთი მათგანი პირდაპირ კონკურენციაში შედის კერძო სექტორთან, ისე, როგორც ეს ხდება საქართველოს ფოსტის შემთხვევაში.

გამომდინარე აქედან, მთავრობამ უნდა დაასრულოს სახელმწიფო საწარმოების აღრიცხვა და მოამზადოს მათი განკერძოების გეგმა. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და ობიექტურად",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფოსტის შეძენა „თიბისი ბანკსა” და „საქართველოს ბანკს” სურთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ფოსტის შეძენით უცხოური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი.