რა თქმა უნდა, კომპრომისის გაკეთება ყველა მხარეს მოუწევს, ჩვენც, მთავრობასაც და ბანკებსაც, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა“ ლევან ახვლედიანმა „ინტეპრესნიუსს“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.
კონსორციუმის ხელმძღვანელი შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ყველა მხარემ გამოთქვა შეთანხმების სურვილი, შემდეგი შეხვედრის გამართვის თარიღი კი, სავარაუდოდ, 13-18 მაისის პერიოდია.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ის რვა პუნქტი, რომელიც ინვესტორების მხრიდან არის წარმოდგენილი და მოლაპარაკება მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი მიზანი შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმება იყო. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა დიალოგისა და კომპრომისისკენ. სავარაუდოდ, ინვესტორი ბანკები მომდევნო შეხვედრის გასამართად 13 მაისისთვის ჩამოვლენ“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
ამასთან, ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ინვესტორების მიერ წარმოდგენილ 8- პუნქტიან მოთხოვნაში კორექტირება არ შესულა.
ცნობისთვის, 2 მაისს, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კავკასიაში EBRD-ის რეგიონალურ დირექტორთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურ დირექტორთან ლევან ახვლედიანთან გამართა შეხვედრა.