ჰემონდი: რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებით ეკონომიკური საფასურის გადახდა დიდ ბრიტანეთსაც მოუწევს

დიდ ბრიტანეთს მოუწევს ეკონომიკური საფასურის გადახდა რუსეთის მიმართ გამკაცრებული სანქციების შემოღებისთვის.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა "ბი-ბი-სი"-სთან" ინტერვიუში განაცხდა.

მისი თქმით, ბრიტანელებისთვის შედეგები იმაზე უარესი არ იქნება, ვიდრე სხვა ევროპელებისთვის და რომ ისინი ამართლებენ მიზანს – შეაკავონ რუსული აგრესია. ჰემონდის განცხადებით, მიღებული ზომების უმთავრესი ამოცანაა, რუსეთის ბანკებსა და პუტინის უახლოეს გარემოცვაში მყოფ ბიზნესმენებზე ზეწოლა განხორციელდეს.

"ისინი საკუთარ თავზე იგრძნობენ სანქციების ტკივილებს და იმაზე ჩაფიქრდებიან, როგორ იმოქმედებს ეს რუსეთის ეკონომიკაზე. სანქციები ისეა შედგენილი, რომ რუსეთზე უფრო მტკივნეულ დარტყმას განახორციელებს, ვიდრე ჩვენზე, მაგრამ აბსურდული იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ რუსეთის ეკონომიკასთან მიმართებაში შემოგვეღო მთელი სპექტრი სანქციებისა და ეს საკუთარ თავზე არ შეგვეგრძნო. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ რუსეთის აგრესიას. თუ გვინდა, რომ რუსეთი იქცეოდეს, როგორც ცივილიზებული ქვეყანა, მზად უნდა ვიყოთ, ამისთვის გარკვეული საფასურიც გადავიხადოთ", – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სანქციები გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.