"სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება"

მიმდინარე წელს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა სადახლოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, სოფელ სადახლოსა და თაზაკენდში გარე განათება მოეწყობა, სოფელ ხულდარაში დაგეგმილია სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია, სოფელ მოლაოღლში ხიდისა და შიდა გზის მოასფალტება, სოფელ ბურმაში კი შიდა გზები მოიხრეშება. ასევე, დასრულდება სადახლოს სასმელი წყლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი.

აღნიშნულ კომენტარს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამომრჩეველთან შეხვედრების შემდეგ, მერობის კანდიდატი სადახლოში ოჯახებს ესტუმრა და მათი საჭიროებები გამოიკითხა.